ბოლო დროს თბილისის კედლებზე კომერციული ან პირადი შინაარსის წარწერები სოციალური თემატიკის ნახატებმა ჩააანაცვლა. ცარიელი კედლები ამეტყველდნენ და ყოველ დღე ამა თუ იმ პრობლემაზე მიგვითითებენ.
ქუჩის მხატვრობა, ე.წ. სტრიტ არტი საქართველოში შედარებით ახალი მიმდინარეობაა, თუმცა უკვე საკმაოდ პოპულარული. აშკარაა,რომ ყოველ დღე ურბანული ხელოვნების განვითარების ნიშნებს ვაწყდებით,თბილისის ქუჩებსა თუ მიწისქვეშა გადასასვლელებში. ეს არის საკმაოდ სწორად შერჩეული მეთოდი ხელოვანისა და საზოგადოების კომუნიკაციისთვის. არასდროს ვიცით რა სიახლეს, რა საფიქრალს გვიმზადებს ესა თუ ის არტისტი, მაშინ როცა ღრმა ძილით გვძინავს “ღამის მხატვრები” საღებავებით ხელში პოლიციას ემალებიან და ქუჩის გამოფენისთვის ახალ ექსპონანტს ქმნიან.
ჩვენ გავესაუბრეთ ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ და ცნობილ ქუჩის ხელოვანს, გიორგი გაგოშიძეს, რომელთანაც მოძრავი ინტერვიუ ჩავწერეთ.
– მოგვიყევი როგორ იქმნება ახალი ნამუშევარი ქუჩის გამოფენისთვის. რა ეტაპებს გადის?
– მიჩნდება იდეა, თუ იდეა ადვილი განსახორციელებელია ველოდები ღამეს, გავდივარ და ვხატავ, თუ დიდხნიან მომზადებას მოითხოვს ვიწყებ მუშაობას, ვქმნი ე.წ. სკეტჩს ან სახლში ვამზადებ მოზაიკას, რომლის გაკვრაც ნაკლებ დროს მოითხოვს ვიდრე დახატვა.
– რა არის თქვენი როგორც ხელოვანის მიზანი როცა ქმნით ამა თუ იმ ნახატს ქუჩის გამოფენისთვის ?
– ჩემი და ზოგადად სტრიტ არტის მიზანი არის ის რომ გარკვეული მესიჯები დაუტოვოს საზოგადოებას და რაც უფრო მახვილი მესიჯი იქნება მით უფრო კარგია.
– რომელია თქვენი ყველაზე სოციალური და პრობლემის ხაზგასმაზე ორიენტირებული ნამუშევარი ?
– ახლა ვგეგმავ ელიავას ბაზრობასთან დახატვას, უმუშევრობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ ეს ნამუშევარი იქნება ასეთი.
– ჩვენ ახლა ვართ მსგავსი შინაარსის ნამუშევართან, რომელსაც ჰქვია “სამუშაო დღე”. რას გვეტყვით ამ ნახატზე?
– ეს არის რუტინის, სამუშაო პირობების ხაზგასმა. იმის რომ ყველა ერთ სამუშაოს ასრულებს, სამსახურში არ სჭირდებათ რომ ადამიანს ინდივიდუალური აზრი გააჩნდეს. სხვათა შორის, ჩემს ნახატზე ადამიანებს პირები არ ჰქონდათ, რამდენიმე ადამიანისთვის პირი მიუხატიათ, როგორც ვხედავთ. ეს კარგია.
– ანუ არ გაღიზიანებთ როცა თქვენს ნამუშევარს თავდაპირველ, თქვენეულ სახეს უცვლიან?
-შესაძლოა ვინც მიახატა საკუთარი თავი წარმოიდგინა, ეს განაცხადია, რომ მას აქვს პირი,არამხოლოდ საკვების მისაღებად,არამედ აზრის გამოსახატადაც. მთავარია არ გადაღებონ ან დააზიანონ. ეს ქუჩის ნახატია, ის ყველას ეკუთვნის. ისიც კარგია რომ ვინმე აფუჭებს, ე.ი. ვიღაც დაინტერესდა, ვიღაცა შეაწუხა ჩემმა ნამუშევარმა. რეაქცია გამოწვეულია, ეს უკვე კარგია.
– ყოფილა შემთხვევები როცა თქვენი ნამუშევარი ადგილზე არ დაგხვედრიათ,გადაუღებავთ ან მოუხსნიათ?
– კი რამდენჯერმე. ერთი იყო ლესელიძეზე, ლინვილთან, მოზაიკა მთლიანად ჩამოხსნილი დამხვდა, ასევე მაჩაბელზე, მწერალთა სახლთან.
– რა შინაარსის იყო ?
– ვიზუალური პოეზია იყო. ძირითადად ეგეთი ნამუშევრები ხდებიან მსხვერპლები.
– მოგვიყევი შენს პოეზიაზე, ასევე შენს წიგნ “ესტაკადა 57″-ზე. როგორ დაიწერა ?
– ეს წიგნი დავწერე ევროპაში მოგზაურობის პერიოდში. ვიყავი დაახლოებით 16 ქვეყანაში, საძილე ტომარა მქონდა წაღებული და გარეთ მეძინა, დავდიოდი ავტო-სტოპით, ეს ადამიანებთან ურთიერთობის ზალიან კარგი გზაა. “ესტაკადა 57″ ავთენტური წიგნია იმიტომ რომ ხელნაწერია, ნახატებიცაა ჩართული და რაც მთავარია კითხვისას იგრძნობა რომ ავტორი მოგზაურობდა.
– როგორც ვიცი გქონდათ პროექტი “კედლის პოეზია” და მხოლოდ შავთელის ქუჩაზე მოხერხდა განხორციელება. მოკლედ მოგვიყევი პროექტზე. დაგეხმარა თუ არა ვინმე იდეის სისრულეში მოყვანაში?
– პროექტის იდეა არის ის რომ მოლაპარაკე სენსორი აჩერებს გამვლელს, სთავაზობს ლექსის წაკითხვას და უკითხავს. განხორციელებაში დამეხმარა თბილისის მერია.
– თუ აპირებ სხვა ქუჩაზეც გააკეთო მსგავსი რამ?
– ვაპირებ, თუმცა ჯერ არ ვიცი როდის მოხერხდება. მთელი რიგი საკითხებია მოსაგვარებელი, აპარატურის შესყიდვა, ლექსების ჩაწერა და ა.შ.
– როგორც ჩანს ერთი სფეროთი არ კმაყოფილდებით. ფიქრობთ რომ ხელოვანმა თვითგამოხატვის სხვადასხვა გზა უნდა სცადოს ?
– ვფიქრობ მხოლოდ ერთი ფორმით არ უნდა გამოხატავდეს ხელოვანი აზრს. მთავარია იდეა. თუ საქმე იდეას ეხება ჩემთვის პროფესიონალიზმი უკანა პლანზე გადადის. შეიძლება მხატვარმა უბრალო ხაზის გავლებაში 15 წელი დახარჯოს და სხვას გაუკრიტიკოს რომ სწორი ხაზის გავლება არ შეუძლია. ჩემი აზრით ასეთი მიდგომა არასწორია. ხელოვნება ჩარჩოების რღვევაა და არა ჩარჩოებში მოქცევა. აი მაგალითად სალლვადორ დალი ავიღოთ. ის ხატვის გარდა მონაწილეობდა ფილმებში, აკეთებდა ქანდაკებებს და ა.შ.
– შენთვის ინტერაქცია მნიშვნელოვანია.ისიც თუ რამდენად ჩართავ ჩვეულებრივ ადამიანებს შენს შემოქმედებაში. ჩვენ ახლა ვართ ნამუშევართან, შიშველ გოგონასთან, რომელსაც ეცვა კაბა. როგორც ვიცი გათვლილი გქონდა რომ ამ კაბას ვინმე ჩამოხევდა ნახატს და ასეც მოხდა. ახლა კი ამ ნამუშევართან მეორად ტანსაცმელს ყიდიან. რას ფიქრობ ამაზე ?
– ინტერაქცია აუცილებელია თანამედროვე არტში. ის რომ აქ ტანსაცმელს ყიდიან კონცეპტუალურია, ძალიან მომწონს.
– მემგონი თქვენმა ნამუშევრებმა თავი დაიმკვიდრეს, დამოუკიდებლები არიან. არის თუ არა ეს თქვენთვის შემოსავლის წყარო?
– ძირითადად ჩემი სურვილით ვხატავ. ვარ სხვა სამსახურით უზრუნველყოფილი,ამიტომ სტრიტ არტი ჩემი თვითგამოხატვის გზა და კეთილი ნებაა უბრალოდ.
-თქვენი ლექსი გამახსენდა:
“როდესაც მე ღამე სტრიტარტს ვრჩები და სახლში ვბრუნდები,
ჩემი ველოსიპედი ჭრიალებს, შეკეთება სჭირდება,
მიწისქვეშა გადასასვლელის და შარდის სუნი ამდის,
უძინარი ვარ და ხვალ სამსახურში
მაგიდაზე ჩამეძინება.
მე ამისთვის არავინ მიხდის,
მერამდენედ ავუხსენი ეს ლოთებს,
რომლებსაც მიწისქვეშა გადასასვლელებში სძინავთ,
როცა მე ვხატავ.
არავინ, სულ არავინ.
ესეიგი, მსჯელობენ ისინი,
აიღებ ხელფასს, იყიდი აეროზოლებს და ხატავ,
რასაც ხვალ გააფუჭებენ,
ამით ბედნიერი ხარ?
სულ ეს გინდა აკეთო?”
როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი წლების შემდეგ? ისევ დახატავთ?
-რა თქმა უნდა. მე საქმის ბოლომდე მიყვანა მიყვარს.
– კომერციულ სფეროში სტრიტ არტის გამოყენებაზე რა აზრის ხართ. კავკასუს ონლაინს აქვს მაგალითად მსგავსი ტიპის რეკლამა.
– რაც უფრო მეტი ადამიანი დახატავს მით უკეთესი და მით უმეტეს თუ ადამიანს შეუძლია ეს შემოსავლის წყაროდ გახადოს. ვფიქრობ კარგია.
– იყო პერიოდები, როცა საქართველოში პოეზიის კლიმატი იქმნებოდა. იყო გარკვეული დაჯგუფებები რომლებიც პროგრესისკენ იყვნენ მიმართული. ახლა ხომ არ იქმნება სტრიტ არტის კლიმატი საქართველოში?
– სანამ ერთად მუშაობას არ ვისწავლით და დავიწყებთ არამგონია გამოვიდეს. აი,რატომ გადაიქცა პარიზი ხელოვნების ცენტრად. იმიტომ რომ იყო ძალიან ბევრი ნიჭიერი არტისტი, რომელიც ერთმანეთს ელაპარაკებოდა და უზიარებდა შეხედულებებსა თუ გეგმებს.
– თქვენს პროექტ “ნიუ მედია არტზე” რას გვეტყვი?
-ეს არის ტექნოლოგიების,ინჟინერიის,პროგრამირების,კიბერარტის თანაკვეთა ხელოვნებასთან.
-რა სიახლეებს გვიმზადებთ ამ პროექტის ფარგლებში ?
-ვაპირებ ბიბლიოთეკას შევთავაზო ნახატი, რომელსაც ეწერება “იკვებე კალორიული წიგნებით.” ასევე ქალთა საზოგადოებისთვის მინდოდა შემეთავაზებინა ერთი იდეა, ხმიანი ნახატის სახით. ნახატზე გამოსახული ქალი ყვირილზე ტირილით რეაგირებს და ა.შ.
– რა აზრის ხართ დღევანდელ სოციალურ ხელოვნებაზე და რას ნიშნავს თქვენთვის სტრიტ არტის იდეა?
– ვფიქრობ დღეს ყველაფერი სოციუმსაა მორგებული, ასეც უნდა იყოს. სახლში კედელზე დაკიდებული ნახატი საზოგადოებისთვის არაფრის მომტანია. ქუჩის მხატვრობა საზოგადოების საკუთრებაა, თითოეული გამვლელის საკუთრება.
ავტორი: ხატია თორდუა


