კახეთში, კერძოდ გურჯაანის რაიონში ნეპოტიზმი კვლავ აქტუალურია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას “კახეთის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.
“ენციკლოპედიური განმარტების მიხედვით, ნეპოტიზმი ლათინური სიტყვაა და გულისხმობს მაღალი თანამდებობის პირის მიერ, უპირატესად, ნათესავებისა და ახლობლებისათვის თანამდებობების დარიგებას, რაც სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა პირადი ინტერესების დაყენებას ნიშნავს. ნეპოტიზმი კორუფციის მეფედ არის აღიარებული, ქმნის არაკონკურენტუნარიან გარემოს ყველა სფეროში და პრაქტიკულად, უსპობს უბრალო მოქალაქეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის შანსს.
ქმარი გამგებლის მოადგილე – ცოლი საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსი;
ქმარი საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე – ცოლი საბავშვო ბაღის გამგე;
ქმარი გამგებლის მძღოლი -ცოლი კულტურის სამსახურის უფროსი;
ერთი ძმა სახანძრო სამსახურის უფროსი – მეორე ძმა გამგებლის მძღოლი;
მაზლი შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი – რძალი საკრებულოს აპარატის უფროსი.
ყველა ეს დანიშვნა გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ განხორციელდა.
თანამდებობებს ძირითადად გამგებლის – გივი გერგიძის ნათესავები იკავებენ.
დიმიტრი კალატოზიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ 2014 წლის 25 ივლისს დაინიშნა. ის გამგებლის გივი გერგიძის მეგობარია.
„მოვედი, დავწერე განცხადება და მივიღე დადებითი პასუხი. მე ჩემი სამსახურისთვის მაქვს საკმაო განათლება და კომპეტენცია. ჩემს ცოლზეც ასე ვფიქრობ და სხვაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ“, – განაცხადა დიმიტრი კალატოზიშვილმა.
მისი მეუღლე ნანა რამაზაშვილი 2014 წლის 1–ელ აგვისტოს დაინიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, შემდეგ განყოფილების უფროსად.
გამგებლის კიდევ ერთი მოადგილედ ალექსანდრე ყვირალაშვილი დაინიშნა. მამამისი გიორგი ყვირალაშვილი გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტია.
ზაქარია ქაჩლიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად (სოფელ გურჯაანის მაჟორიტარი) 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. ის „ქართული ოცნების“ წევრია. საკრებულოში სივრცით – ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარეა. მისი ყოველთვიური ხელფასი 1350 ლარს შეადგენს. ის ავტორია განცხადებისა, რომ „წინასაახალწლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში 193 400 ლარის ოდენობით პრემია პატრიარქის კურთხევით გაიცა“.
ზაქარია ქაჩლიშვილის მეუღლე ლელა იმერლიშვილი, 2014 წლის სექტემბერში ჯერ სოფელ გურჯაანის საბავშვო ბაღის გამგის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, 2015 წლის იანვარში კი საბავშვო ბაღის გამგედ. მისი ანაზღაურება 385 ლარია.
„ – ჩემი მეუღლე, ზუსტად არ მახსოვს, სადღაც სექტემბრის თვიდან ასრულებდა გამგის მოვალეობას.
– ანუ მას შემდეგ, რაც თქვენ „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრი გახდით.
– კი რათქმაუნდა.
– თქვენი მეუღლე მანამდე მუშაობდა სადმე?
– არა, მანამდე არ მუშაობდა. საერთოდ არსად არ უმუშავია ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ. რადგან ჩემი მეუღლეა, დეპუტატის მეუღლე, არ უნდა იმუშაოს? …ეს ისეთი თემაა ბატონო გელა, მარტო რაიონების და მუნიციპალიტეტების დონეზე კი არა, როდესაც პროფესიონალები არიან ადამიანები ხომ, ეს სხვა უწყებებშიც, ყველგან ასეა“, – განაცხადა ზაქარია ქაჩლიშვილმა.
ლელა იმერლიშვილი ასე პასუხობს კითხვას – როგორ დაინიშნა ის საბავშვო ბაღის გამგედ და რატომ მაინცდამაინც ის?
„საერთოდ, იცოდეთ, რომ მე მქონდა განცხადება შეტანილი, რის საფუძველზეც მე გავედი სამსახურში.
– რატომ შეგარჩიეს თქვენ?
– ალბათ დავიმსახურე როცა მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი და ამიტომ დამნიშნეს გამგედ“.
თორნიკე წინწალაშვილი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გურჯაანის გამგეობაში ზედამხედველობის სამსახურის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. ამავე დროს, იყოს N12 გურჯაანის საოლქო – საარჩევნო კომისიის წევრი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ (პარტია „ეროვნული ფორუმი“). წინასაარჩევნოდ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა და გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის როგორ ავალებს თორნიკე წინწალაშვილი კაჭრეთის საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს, აგიტაცია განახორციელონ „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ, ასევე მოახდინონ ამომრჩეველთა სიების ფოტოგადაღება და მას წარუდგინონ. „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაციის გაწევისთვის გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ თორნიკე წინწალაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თორნიკე წინწალაშვილი დააწინაურეს და გამგეობის შიდააუდიტის სამსახურის უფროსად დანიშნეს. მისი რძალი, (ძმის ცოლი) თინათინ ბიწაძე საკრებულოს აპარატის უფროსად დაინიშნა.
ლევან ხაზიური „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრი (სოფელ ახაშნის მაჟორიტარი) და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარეა. მისი ყოველთვიური ხელფასი 1350 ლარია. წინასაახალწლოდ ხელფასის ერთი თვის ოდენობით „ნაკურთხი პრემია“ ლევან ხაზიურმაც აიღო, მაშინ როცა გამგეობაში ოფიციალურად იყო რეგისტრირებული 19 განცხადება, რომლითაც უფასო სასადილოში სადილის მიღებას სულ 25 ადამიანი ითხოვდა. საკმარისი დაფინანსების არქონის მიზეზით სოციალურად დაუცველებს ცხელ წვნიანზე უარს ეუბნებოდნენ.უფასო სასადილოს გაანგარიშებით, 25 ადამიანის კვებას თვის განმავლობაში 975 ლარი სჭირდება, რაც მარტო ლევან ხაზიურის მიერ მიღებულ ერთი თვის პრემიაზე 375 ლარით ნაკლებია.
მას შემდეგ, რაც ლევან ხაზიური „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრი და კომისიის თავმჯდომარე გახდა, 2014 წლის ნოემბერში, მისი ძმა – მალხაზ ხაზიური სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სპეციალისტად დაინიშნა. იმ პერიოდში სახანძრო სამსახური მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში იყო და ვაკანსიაც არ ყოფილა გამოცხადებული.
ეკატერინე ბეროშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 2014 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა:
– თქვენ რატომ დაინიშნეთ ამ თანამდებობაზე?
– ეგ მე არ უნდა მკითხოთ. ვინც დამნიშნა, იმას ჰკითხეთ.
– რომ დაინიშნეთ, თქვენც ხომ უნდა იცოდეთ რატომ დაინიშნეთ?
– მე როგორ არვიცი რატომ დავინიშნე. ალბათ, იმიტომ, რომ მქონდა აქ მუშაობის გამოცდილება. ვმუშაობდი ერთი წლის განმავლობაში კულტურის სამსახურის სპეციალისტად და დავწინაურდი სამსახურის უფროსად.
– სხვა გამოცდილება გქონდათ ამ სფეროში?
– არა. მხოლოდ ერთი წელი ვმუშაობდი სპეციალისტად.
– თქვენი მეუღლე ვინ არის?
– ზურა ბეჟაშვილი.
– რაზე მუშაობს გამგეობაში?
– გამგებლის მძღოლია. მძღოლს არც თქვენ არ აიყვანთ ისეთ ადამიანს, ვისაც არ ენდობით“, – განაცხადა ეკატერინე ბეროშვილმა.
ზურა ბეჟაშვილის გარდა გამგებელს მეორე მძღოლიც ჰყავს – კობა შავლიაშვილი. ის გამგებლის მეგობრის თემურ შავლიაშვილის, მეტსახელად „შამილას“ შვილია.
გურჯაანში, ნონეშვილის და თავისუფლების ქუჩების კვეთაზე, ცენტრში მდებარე ერთ–ერთი აფთიაქის მფლობელი გივი გერგიძე რომ „ქართული ოცნებიდან“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად წარადგინეს, თემურ შავლიაშვილის დამსახურება ყოფილა. “კახეთის საინფორმაციო ცენტრის” წყაროს მტკიცებით, გერგიძის კანდიდატურა თავდაპირველად პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მამასთან, ტარიელ ღარიბაშვილთან შეთანხმდა. წყაროს ინფორმაციით, გივი გერგიძე ტარიელ ღარიბაშვილს სწორედ თემურ შავლიაშვილმა გააცნო.
გამგებლად არჩევის შემდეგ, გივი გერგიძემ, კობა შავლიაშვილის გარდა, თემურ შავლიაშვილის მეორე შვილიც დაასაქმა. ვანო შავლიაშვილი სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსად დანიშნა.
გამგებელმა გივი გერგიძემ რაიონის არქიტექტორის თანამდებობაზე, კონკურსის შემდეგ, 2015 წლის 11 თებერვალს დანიშნა ნათესავი ლალი ხაჩიშვილი. მანამდე არქიტექტორად ნანა პაპუნაშვილი მუშაობდა.
2014 წლის დეკემბერში, როცა თვითმმართველობის ორგანოებში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდა, არქიტექტორის ერთ ადგილზე, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 8 განმცხადებელი დარეგისტრიდა. ტესტირების ეტაპზე გამსვლელი ქულა 2–მა კანდიდატმა მიიღო, ნანა პაპუნაშვილმა და ლალი ხაჩიშვილმა. საკონკურსო კომისიამ, რომლის თავმჯდომარეც გამგებელი გივი გერგიძეა, გასაუბრებაზე ნანა პაპუნაშვილი დაიწუნა.
– გამგებლის ნათესავი ხართ? – ვკითხეთ ლალი ხაჩიშვილს.
– არანაირი.
– გამგებელი თქვენი შვილის ნათლია არ არის?
– კი, გოგოს ნათლიაა.
– გამგებელი რომ თქვენი შვილის ნათლიაა, არქიტექტორად თქვენი დანიშვნისას, იყო თუ არა ეს გადამწყვეტი ფაქტორი?
– არა, ნამდვილად არა“.
გამგებლის გივი გერგიძის ნათესავები არიან კონკურსის შედეგად გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურული დაგეგმარებისა და მშენებლობის ნორმების კონტროლის საკითხებში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე დანიშნული ივანე ქუმსიაშვილი, ასევე, სოფელ ვაზისუბანში გამგებლის წარმომადგენლად დანიშნული გიორგი მღებრიშვილი (გამგებლის ნათესავია ცოლის ნინო მღებრიშვილის მხრიდან). ივანე ქუმსიაშვილი და ნინო მღებრიშვილი ალალი ბიძაშვილ – მამიდაშვილები და გივი გერგიძის ნათესავები არიან. ეს ინფორმაცია “კახეთის საინფორმაციო ცენტრს” გიორგი მღებრიშვილმაც დაუდასტურა.
საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში, არქიტექტურული დაგეგმარებისა და მშენებლობის ნორმების კონტროლის საკითხებში უფროსი სპეციალისტის პოზიციის დასაკავებლად, ვანო ქუმსიაშვილის გარდა, განცხადება კიდევ 12 კანდიდატს ჰქონდა რეგისტრირებული. ტესტირების ეტაპზე მინიმალური გამსვლელი ზღვარი 7–მა კანდიდატმა გადალახა, მაგრამ გასაუბრებაზე კომისიამ გამგებლის თავმჯდომარეობით ივანე ქუმსიაშვილი შეარჩია.
რაც შეეხება სოფელ ვაიზუსბანში გამგებლის წარმომადგენელს, ამ პოზიციის დასაკავებლად ტესტირებაზე გამსვლელი ქულები 5–მა კანდიდატმა მიიღო, გასაუბრებაზე კი კომისიამ გამგებლის ნათესავი გიორგი მღებრიშვილი შეარჩია.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო საატესტაციო კომისიიდან ოფიციალურად გამოითხოვა დოკუმენტი, რომელიც გასაუბრების ეტაპის პირობებსა და მეთოდიკას განსაზღვრავს, ასევე გასაუბრების ჩატარების ამსახველი ოქმი. გამგებელმა გივი გერგიძემ ამ დოკუმენტების გაცემაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ „ის კონკურსანტების შესახებ პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს“.
დიმიტრი არევაძე ქალაქ გურჯაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად 2013 წლის 4 იანვარს დაინიშნა და მას შემდეგ ამ თანამდებობაზე მუშაობს. ამჟამად ის გამგებლის წარმომადგენელია ქალაქ გურჯაანში. 2014 წლის ოქტომბერში, დიმიტრი არევაძის მეუღლე ნინო ელიზბარაშვილი დაინიშნა ქალაქ გურჯაანის N4 საბავშვო ბაღის გამგის მოვალეობის შემსრულებლად, 2015 წლის იანვრიდან კი საბავშვო ბაღის გამგედ.
– ქალბატონო ნინო, რაიმე გამოცდილება გქონდათ ვიდრე ბაღის გამგედ დაინიშნებოდით?
– საბავშვო ბაღში მუშაობის გამოცდილება არ მქონია.
– აბა რატომ, რა ნიშნით დაინიშნეთ ამ პოზიციაზე?
– უბრალოდ ვაკანტური იყო ადგილი და…
– ამ ვაკანტურ ადგილზე სხვებს არ უნდოდათ მუშაობა?
– კი, მაგრამ, ჩემზე შეჩერდა არჩევანი.
– თქვენი მეუღლე რომ გამგებლის წარმომადგენელია გურჯაანში, ამიტომ?
– არა მგონია. მე ვფიქრობ არ დავუნიშნივარ ამ ნიშნით, მაგრამ შეიძლება იყოს ეს ფაქტორიც.
– თანამდებობებზე ნათესავების დანიშვნა თქვენთვის მისაღებია?
– არ არის მისაღები, მაგრამ მარტო ჩემით ხომ არ განისაზღვრება არაა…ეს ყოველთვის ალბათ იყო ხომ? ხო იყო ყოველთვის?“…
„ქართული ოცნების“ წევრი ვანო ბერიძიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აირჩიეს. მანამდე ის „ქართული ოცნების“ გურჯაანის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ვანო ბერიძიშვილის ბიძაშვილი თინიკო ბერიძიშვილი/ბარბაქაძე დაინიშნა ქალაქ გურჯაანის N1 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ ისე, რომ ამ პოზიციაზე დირექტორს ვაკანსია არ გამოუცხადებია.”
რა თქმა უნდა, ეს არ არის საჯარო სამსახურებში ნათესავების დანიშვნის სრული ჩამონათვალი. ეს მხოლოდ გურჯაანის რაიონში გამოვლენილი ფაქტები გახლავთ, რომელიც “კახეთის საინფორმაციო ცენტრი” -ს მეშვეობით გასაჯაროვდა. ნეპოტიზმი კი კვლავ გრძელდება სხვა რეგიონებსა თუ, რაიონებშიც!..


