გოგონა ჯადოსნური სამყაროდან

გოგონა ჯადისნური სამყაროდან
სარჩევი

დაიბადა 1981 წლის 10 აპრილს ქ. თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა უნივერსიტეტში ბიოლოგიურ ფაკულტეტზე განაგრძო. მე-4 კურსის სტუდენტი იყო, რომ ამერიკაში წასვლა გადაწყიტა და ოჯახის ახლობლის დახმარებით ნიუ-იორკში აღმოჩნდა.

როგორც ყველა ემიგრანტმა, მანაც გამოიარა ის რთული პერიოდი, რომელიც უცხო ქვეყანაში ყოფნას სდევს თან. ოჯახში, სადაც მუშაობდა არაჩვეულებრივი გარემო იყო. იქ  ისწავლა ბევრი რამ ამერიკული ცხოვრების შესახებ და მათი ძალიან მადლიერია. თავისუფალ დროს  ქუდებისა და ყელსახვევების ქსოვით იყო დაკავებული.

აი მაგალითად რას იხსენებს:

“შობის დღესასწაულზე ოჯახისგან, სადაც ვმუშაობდი საჩუქრად უამრავი ძაფები და აქსესუარები მივიღე. ასევე მქონდა დეკორაციული რკო და ფოთლები. ერთ დღესაც გადავწყვიტე თოჯინა გამეკეთებინა. მასალად ნაჩუქარი რკო და ფოთლები გამოვიყენე და გავაკეთე თოჯინა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემს მეგობრებში. ასე გადავწყვიტე თავისუფალ დროს თოჯინები მეკეთებინა. თავიდან ეს ყველაფერი ჰობი იყო. შემდეგ კი  ნელ-ნელა მსურველებიც გამომიჩდნენ და თოჯინების გაყიდვა დავიწყე.”

ასე დაიწყო ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტის წარმატება ამერიკაში, რომლის სახელსაც ხშირად მოჰკრავთ ყურს ნიუ-იორკის ფეშენ კვირეულებზე. 

“თოჯინები ჩემთვის ცალკე სამყაროა. ისინი ასოცირდებიან ჩემი ბავშვობის ტკბილ მოგონებებთან. თითოეული თოჯინის გაკეთების დროს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჯადოსნურ სამყაროში გადავდივარ, სადაც ვივსები უდიდესი დადებითი ენერგიით,სითბოთი, სიყვარულით. შემდეგ კი ეს ყველაფერი აისახება ჩემი თოჯინების დიზაინში. თითოეული მათგანი ორიგინალურია და მათი გარეგნობა არასდროს მეორდება. ისინი გამოხატავენ ჩემს შინაგან განწყობას.

თითოეული თოჯინა იმდენად ძვირფასია ჩემთვის, რომ ხანდახან მათი გაყიდვაც კი მენანება. როდესაც თოჯინებს ფოტოებს ვუღებდი ინტერნეტ სივრცეში გამოსაქვეყნებლად,ფოტოების დასამუშავებლად ვიყებენდი  გრაფიკულ პროგრამას, რითიც ძალიან დავინტერესდი და 2007 წელს “UDI Career Training Institute”-ში შევედი ვებდიზაინის კურსზე, სადაც შევისწავლე ვებ გვერდების დამზადება და ავიღე სერთიფიკატი.

ამის შემდეგ გამიტაცა ფოტოგრაფიამ და რამოდენიმე “Fashion photography & Fashion Styling” კლასი გავიარე ნიუ-იორკის ერთ-ერთ არტ-ფეშენის სკოლაში “Fashion Institute of Technology.” დღეს დღეობით უფრო ფოტოგრაფიით ვარ გატაცებული, დავდივარ მოდის კვირეულებზე, არტ გამოფენებზე Jazz-მუსიკის კონცერტებზე, სადაც ხშირად ჩემს ობიექტივში ბევრი ცნობადი სახე ხვდება.”

თოჯინების კეთებას აგრძელებს და ამჟამად მუშაობს ახალ კოლექციაზე, რომლსაც ჟურნალი “Vogue” ფურცლებისგან ქმნის. აქვს საკუთარი ონლაინ მაღაზია, სადაც შესაძლებელია მისი ნამუშევრების შეძენა: www.designbyeva.net, ასევე აქვს პერსონალური ვებ გვერდი, სადაც შესაძლებელია მისი გადააღებული ფოტოების ნახვა: www.evaphotography.net.  Park Slope- ში, თავის სახლში გახსნილი აქვს ფოტო-სტუდია.  

ამ კრეატიული გოგონას სახელია – ევა კაპანაძე. ბედნიერია,რომ ნიუ-იორკში ცხოვრობს – ქალაქში, რომელსაც არასდროს არ სძინავს, სადაც მუხლჩაუხრელი შრომა და ორიგინალობა ფასდება. სამომავლოდ სწავლის გაგრძლებას აპირებს ფოტოგრაფიის განხრით. ამჟამად კი მუშაობს ახალ პროექტებზე და დიზაინზე. ბოლო თოჯინების გამოფენა 2014 წლის 17 დეკემბერს ჰქონდა “The Empire Hotel Rooftop- ზე”, რასაც წინ უძღოდა ძალიან საინტერესო გამოფენები:

აპრილი 14/2011 –Haven lounge NYC – “თოჯინების პრეზენტაცია”

დეკემბერი 14/2013 – Proteus Gowanus Brooklyn NY –Art Fair – “ევას ხელთნაკეთი აქსესუარები”

თებერვალი 13/2013 – კოლუმბიის უნივერსიტეტი ქართული კულტურის დღეები- “ევას თოჯინები”

აპრილი 10/2014 Klimat Lounge NYC – ფოტო გამოფენა “Tree Portraits”

ივლისი 19/2014 ზაზანოვა (ნიუორლეანური სალონ რესტორანი)- თბილისში – საქველმოქმედო ფოტო გამოფენა გაყიდვა, შემოსული თანხა გადაერიცხა ჩვილ ბავშვთა სახლს, რომელიც მდებარეობს ნუცუბიძის 3- ში.

დეკემბერი 17/2014 The Empire Hotel Rooftop NYC – “Eva’s Fashionable Dolls”

ედიტორი წარმატებებს უსურვებს ევას, ამერიკაში მცხოვრებ ნიჭიერ ქართველს, რომელიც დღეს და ღამეს ასწორებს, რათა თავისი ყველა ოცნება რეალობად აქციოს და საქართველო ასახელოს.